ბათუმის მშვენებაა ზღვისპირა პარკი, რომელიც 1884 გაშენდა. თავად ბათუმელები მას “ბულვარს” ეძახიან. ის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის მთელს გაყოლებაზე მწვანე ზოლად გასდევს ბათუმს. ზღვისპირა პარკის თავდაპირველი პროექტი შექმნა ცნობილმა გერმანელმა მებაღემ რესლერმა. პროექტის განხორციელებას ის ვერ მოესწრო, მაგრამ მისი საქმე გააგრძელა ასევე სახელგანთქმულმა მებაღემ, გარუსებულმა ფრანგმა დალფონსმა. ბაღის კეთილმოწყობაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა მებაღე-დეკორატორმა იასონ გორდეზიანმა, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოში ცნობილი ლონდონის ბოტანიკური ბაღის დეკორირებაში.

საკმარისია მიუახლოვდეთ ბულვარს და თქვენ უკვე იგრძნობთ ზღვის ოდნავ მლაშე სუნთქვას, რომელიც ასწლოვანი ფიჭვების საამო სურნელს შერევია. პარკში შესული მოგზაურის თვალწინ ულამაზესი სანახაობა იშლება: სამი ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული შადრევანი ხალისიანად აფრქვევს თავის ნაკადებს. 2005 წლიდან ზღვისპირა პარკის ახალ ნაწილში ფუნქციონირებს ფრანგული მოცეკვავე შადრევანი. ის დღეს ევროპაში მოქმედ შადრევანთაგან ერთ-ერთი ულამაზესია. ბულვარში ხუთი პარალელური ალეაა, ისინი ერთმანეთისაგან გაზონებით, კაფეებითა და აკურატულად გაკრეჭილი, დაფნის კვადრატული ბუჩქებითაა გამიჯნული.

ბულვარში გართობის ყველა პირობაა შექმნილი. აქ ფუნქციონირებსაკვაპარკი, სპორტული მოედნები, რესტორნები, საზაფხულო კაფე-ბარები, ბუნგალოები, დისკო-კლუბები და სხვა გასართობი ობიექტები. გამორჩეული სიმყუდროვე სუფევს პირველ ალეაში, სადაც ქალაქის კოლორიტები იკრიბებიან და სპეციალურად მათთვის აგებულ პავილიონში ჭადრაკის და ნარდის თამაშში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

2010 წელს ბათუმის ბულვარის სიგრძე 7 კმ –მდე გაიზარდა. ახალი ბულვარის დიზაინი ესპანელი არქიტექტორის მიერ არის შემუშავებული და იგი თანამედროვე ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს.