თელავი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას დაალაზნის ვაკეზე მდებარეობს. ის კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.). ზამთარი ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი. ნალექები 770 მმ წელიდადში.

ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.

პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის პტოლემეს (II ს.) „გეოგრაფიაში“ „თელედა-ს“ ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარშიკახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორიდავით რექტორი და სხვა.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა. 1930 წლიდან კი თელავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. 2014 წლიდან თელავი თვითმმართველი ქალაქია.[3]

თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. აქ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტი), თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქალაქის ღირშესანიშნაობებია: ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.). თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია, ძველი გალავანი, წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი, სამების საკათედრო ტაძარი,ბატონის ციხე,ყორჩიბაშვილების ციხე, ვახვახიშვილების ციხე,გრემი, ახალი შუამთა , ძველი შუამთა,ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლტ მუზეუმი და მრავალი სხვა ღირსშესანიშნავი ადგილი. აქ თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ 900 წლის მუხა რომლის სიმაღლეც 45 მეტრია.