თბილისის ფუნიკულიორი — სამთო-საბაგირო რკინიგზა ქვედა და ზედა სადგურებით, კულტურისა და დასვენების კომპლექსიმთაწმინდის პლატოზე. გზის სიგრძე – 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე – 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი – 0,98 მ. ვაგონში 50 კაცი ეტევა. ფოლადის ბაგირის დიამეტრი 33 მმ. გზის შუა ადგილზე მოწყობილია 70 მ სიგრძის სპეციალური ბაქანი, სადაც ვაგონები გვერდს უვლიან ერთმანეთს. აქედან უკავშირდებიან მგზავრები მთაწმინდის პანთეონს. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა – 267 მ.

 

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.

ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. მგზავრობის პირველი მსურველების მოსეირეების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.

ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია ჩატარდა 1936-1938 წლებში, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი (ავტორები არქიტექტორები: ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვალაბუევი), მეორე 1968-1969 წელს ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.