სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 2,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.

სიღნაღი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას და აქ მდებარეობს ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.

სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს.

ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.

სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.

საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო.

დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.დღესდღეობით სიღნაღს მოიხსენიებენ როგორც სიყვარულის ქალაქს.

უამრავი გამოჩენილი ქართველი, რომელთა ცხოვრებამ და შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია ქვეყნის ისტორისაა და კულტურაზე, სიღნაღის მკვიდრნი იყვნენ. მათ შორის  ყველაზე ცნობილი ქართველი, რომელიც დაიბადა სიღნაღის რაიონში, პატარა სოფელ მირზაანში, იყო საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრიმიტივისტი მხატვარი ნიკო ფიროსმანიშვილი.

საქართველო ღვინის აკვანია, ათასწლეულების მანძილზე ხდებოდა მეღვინეობის უძველესი ტრადიციების დახვეწა და დამუშავება სიღნაღსა და მის შემოგარენში. სიღნაღი თავისი მრავალფეროვანი სასტუმროებითა და სასტუმრო სახლებით იდეალური ადგილია ღვინის აკვნის, კახეთის მდიდარი ზვრების აღმოსაჩენად. საქართველო ამაყობს ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშით – უფრო მეტი ვიდრე სადმე სხვაგან მთელ მსოფლიოში. 

სანახაობები:

ჩრდილოეთით ჰორიზონტზე მოსჩანს თოვლით დაფარული კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთით იშლება ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი. სიღნაღის შემოგარენი მდიდარია სანახოებებით. ყველაზე საინტერესო მათ შორის არის: ხონაბუჯის მთაზე აღმართული ციხესიმაგრე გალავნითა და უმარავი კოშკით, მიწისქვეშა გვირაბების მთელი ქსელით, ასევე ხირსას მონასტერი მე-14 საუკუნის სამრეკლოთი და კიდევ უფრო ძველი კედლის მხატვრობით ოზაანში.  ჩრდილოეთის თოვლიანი მწვერვალების ქვეშ გადაჭიმული რეგიონი მდებარეობს მდინარე ალაზანის ნაყოფიერი ველის გასწვრივ, აყვავებული ლანდშაფტი გამოირჩევა ხილის სიუხვით, თუმცა უდავო ფავორიტია ყურძენი ათობით ჯიშით. კახური ღვინო თავისი სიწმინდით ტოლს არ უდებს კავკასიონის მთებიდან მომდინარე კრიალა მდინარეებს და წარმოადგენს მრავალი ცნობილი კახური სიმღერის შთაგონების წყაროს.