“უფლისციხე” კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქია. იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. აქ არის როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობანი.

უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.
სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.

ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, თუმცა ის მაინც უძლიერეს ციხე-სიმაგრედ დარჩა.

უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან, რომელიც აქ გადიოდა. მთელ სიგრძეზე დღესაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი.

ძველად, ანტიკურ პერიოდში, აქ დაახლოებით 700-მდე გამოქვაბული იყო. დღესდღეობით 150 გამოქვაბულია შემორჩენილი.

ეკლესია ყოველგვარი საძირკვლის გარეშე კლდეზეა აგებული და 1920 წლის მიწისძვრას გაუძლო. ამბობენ, რომ მშენებლობაში კვერცხის გულსაც იყენებდნენ, რაც კედლებს სიმტკიცეს აძლევს. ტაძარი ბევრჯერაა დაზიანებული და შეკეთებული.

ეკლესიის გარეთ შესაწირი ქვევრებია. ოჯახში ბავშვი რომ იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ.

ერთ დროს დიდებული ციხე-ქალაქი დღეს ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.