ქუთაისიქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 9801072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192 500 (2010 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი.

შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლისმოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი(XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

 

 

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII საუკუნის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩენილი.

ქუთაისი ევროპის უძველეს ქალაქებს შორის მეხუთეა.978 წელს ბაგრატ III-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისში გადაიტანა. ამ დროიდან 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქის ტიტულს ინარჩუნებდა. ბაგრატ III-ის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე: განახლდა სამეფო სასახლე და ციხე-გალავანი, ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი. ეს ტაძარი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. მეფე ბაგრატმა „აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენიდა კათალიკოსნ, მღვდელმთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი“ (ქართლის ცხოვრება).

1089 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი, რომელმაც 11061125 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი — აკადემია, რომელიც „მეორე იერუსალიმად“ და „სხუად ათინად“ იწოდებოდა. გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.

1122 წელს, როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა, ქუთაისი ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფლად დარჩა. სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლეც, რომელსაც „საყდარსა დავითიანსა“ უწოდებდნენ. ქუთაისი სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა, როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ. ასე იყო 1226 წელს ჯალალ ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობისას.

ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (14891810) ქუთაისი კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია. 1386 წელს დაწყებულმა თემურლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403 წელს ქუთაისამდეც მოაღწია. ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა. ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება. XV საუკუნის იტალიელი მოგზაურისთვის ქუთაისი უკვე ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქია (ჯოსაფატ ბარბარო, XV ს.).

 

 

ქუთაისის მოსახლეობა 1860-იან წლებში 6000-ს არ აღემატებოდა. თავადაზნაურობა ძირითადად ქალაქგარეთ ცხოვრობდა. ძველ ქუთაისში სახლობდნენ განდევნილი მეფის მსახურთა და მოხელეთა შთამომავლები. აქვე იყო იმერეთის ეპარქიის მმართველის რეზიდენციაც. რიონის მარცხენა სანაპიროზე გაშლილი ახალი ქუთაისი „ვაჭართა ქალაქი“ იყო. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველი კათოლიკები, სომხები და ებრაელები შეადგენდნენ. ქართველ და სომეხ ვაჭრებს უცხოური საქონელი შემოჰქონდათ, ებრაელები წვრილვაჭრები იყვნენ, იმერლები კი ხელოსნები, მიკიტნები და მედუქნეები იყვნენ. ბერძნები პურს აცხობდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქს „თათარი“ (მაჰმადიანი) ლაზები აშენებდნენ, მოგვიანებით კი იმერელი და ბერძენი ქვისმთლელები და დურგლები გამოჩნდნენ. ამათ გარდა, ქალაქში მცირერიცხოვანი რუსი და პოლონელი სამხედოები და მოხელეებიც იყვნენ.

XIX საუკუნის შუა წლებიდან ქალაქში ბევრი სიახლე გაჩნდა. ძველი საასპარეზე მოედნის ადგილას 1848 წელს ბულვარი გაშენდა — ხეივნებიანი დიდი ბაღი ზამბახებით, ბზებით, კაფეთი, გრძელი სკამებით და „სატანციო“ მოედნით. 1820-იანი წლებიდან ქალაქში უკვე არსებობდა კიდევ ერთი საზოგადო ბაღი-მოედანი, სადაც კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში გარნიზონის ორკესტრი უკრავდა ქართულ საცეკვაო მუსიკას. თუმცა ახალი ბაღი ქუთაისში ნამდვილ ცენტრად გადაიქცა.ქუთაისურ ნაწარმთაგან განთქმული იყო გიშრის ნაკეთობანი, რომლებიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა. პარასკეობით და კვირაობით გამართულ ბაზრობებზე გარშემო სოფლებიდან ჩამოჰქონდათ სანოვაგე. აქ გახსნილ „იარმუკაზე“ უფრო შორიდანაც ჩამოდიოდნენ ვაჭრები, რომელთაც ძირითადად ევროპული საქონელი ჰქონდათ.

მოედნის ირგვლივ იყო განლაგებული ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური ტაძრები (წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის “სობორი” და წმ. მთავარანგელოზის ეკლესია), პირველი დიდ სასწავლებლები (კლასიკური გიმნაზია და წმ. ნინოს სასწავლებელი) და ახალი სავაჭრო “ყაფანი”. მდიდარი ქუთათურებიც აქვე ცხოვრობდნენ. ქუთათურთა მცდელობით ქალაქი თანდათან ევროპულ იერს იღებდა. ქალაქი საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალურ ქუჩებში ხის სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. ხის სახლების ადგილი ნელ-ნელა ქვითკირის ორსართულიანმა ნაგებობმა დაიკავა. გაჩნა ახალი უბნები: ბალახვანი, მწვანეყვავილა, საფიჩხია ბჟოლები, ჭომა და სხვა. ოღროჩოღრო ქუჩები შეცვალა სწორმა, მოკირწყლულმა და განათებულმა ქუჩებმა. ქუჩებს სახელები დაარქვეს. 1862 წელს რიონზე ააგეს პირველი ლითონის ხიდი კავკასიაში, რომელსაც წითელი ხიდი უწოდეს.

ქალაქი უცხოელი სტუმრისთვის უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებდა. პატარა, ორსართულიანი სახლები ერთი მხრივ ევროპულს ჰგავდა, მეორე მხრივ კი აივნები და ბაღები ადგილობრივი ორნამენტებით იყო მორთული. პირველ სართულად თითქმის მთელ ქალაქს დარაბების რიგი მისდევდა, სადაც მაღაზიები და საწარმოები იყო მოთავსებული.

ქალაქში გამორჩეულად დიდი ზომის მხოლოდ სასწავლებლები იყო. ქუთაისი მთელი დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა და იქ ჩადიოდა მთელი რეგიონის ახალგაზრდობა. XX საუკუნის დასაწყისში აქ 24 სხვადასხვა სახის სასწავლებელი არსებობდა. კლასიკური, სათავადაზნაური, წმინდა ნინოსა და რეალური სასწავლებლის გვერდით არსებობდა მრავალი კერძო სკოლაც. მოქმედებდა სასულიერო სემინარია, კათოლიკური და სომხური სამრევლო სკოლები. თუმცა სკოლების უმრავლესობაში ქართული ენა იკრძალებოდა.

1926 წლისთვის ქალაქის მოსახლეობამ 45754 ადამიანი შეადგინა, ხოლო ფართობი 25 კმ2 იყო.

ამჟამად ქალაქში 200 000-მდე მოსახლე ცხოვრობს. 2012 წლიდან ქუთაისი საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი გახდა. ქალაქის ტერიტორიაზე 18 000-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი, 900-მდე მაღლივი კორპუსი და ასობით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაა განლაგებული.